ევროპული საქართველოს ლიდერის დავით ბაქრაძის კომენტარი 2016 წლის ბიუჯეტის განხილვასთან დაკავშირებით

დავით ბაქრაძე 2016 წლის ბიუჯეტს აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლება პრობლემებზე ლაპარაკის და მოსახლეობას დახმარების ნაცვლად, დაკავებულია სრულიად უაზრო თავის ქებით და უაზრო პროგრამების დაფინანსებით და გადასახადის გადამხდელების ფული პენსიის ზრდის ნაცვლად იხარჯება ნაყინის ჩხირების მოდიფიკაციის პროგრამის დაფინანსებისთვის.

“ბიუჯეტის შეფასების მთავარი ტესტია რამდენად ვითარდება ქვეყანა და უკეთ ცხოვრობს თუ არა მოსახლეობა. სამწუხაროდ, საქართველო დღეს არის ქვეყანა, სადაც საბიუჯეტო ხარჯის შედეგად კარგად ცხოვრობს მთავრობა, კარგად ცხოვრობენ ჩინოვნიკები და ცუდად ცხოვრობს მოსახლეობა. ბუნებრივია, ჩვენ ვერ გავიზიარებთ ხელისუფლების უსაფუძვლო ოპტიმიზმს, რომ ყველაფერი მიდის კარგად. სამწუხაროდ, საქართველოში პროცესები მიდის ცუდად, მოსახლეობა ღარიბდება და რადიკალური რეფორმების და ხელისუფლების შეცვლის გარეშე როგორც ჩანს ქვეყანას განვითარების პერსპექტივა არ გააჩნია. ჩვენი შეფასება ბიუჯეტის ანგარიშზე იყო უარყოფითი. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დღეს მინისტრები საჭიროდ არ თვლიან, რომ თუნდაც წელიწადში ერთხელ მობრძანდნენ პარლამენტში და პასუხი გასცენ იმ კითხვებს, რომელიც არსებობს ხალხის მხრიდან. ჩვენ გვყავს მინისტრები, ვისაც ჰგონია, რომ მოსახლეობა კარგად ცხოვრობს და ბღუჯა-ბღუჯა ფულს არიგებს. ხელისუფლება ვერ აცნობიერებს ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს და გამოწვევებს, არ ესმის ხალხის პრობლემები,‘’ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.