ევროპული საქართველოს განცხადება რუსთავი 2-ზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით

რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის ოფიციალური განცხადებიდან ჩანს, რომ ტელეკომპანია არ აპირებს მათ მიერ გავრცელებული სიყალბისთვის არც ბოდიშის მოხდას და არც შეცდომის გამოსწორებას. ჩვენი განცხადებისა და სამართლიანი კრიტიკის საპასუხოდ, მხოლოდ ბრალდებები და მუქარა მოვისმინეთ. ტყუილის გავრცელების კონკრეტული ტექნიკური დეტალების აღწერა ამ შემთხვევაში არაა არსებითი. მითუმეტეს, თუ შეცდომით ასეთი დასკვნა გააკეთა სიუჟეტის ავტორმა, გაუგებარია, რეიტინგის ასეთი კლების შესახებ თავად პარტიის წარმომადგენლებს რატომ არ ჰკითხა აზრი.

მუქარა, რომ კრიტიკისთვის ბოდიშის არმოხდის შემთხვევაში, ტელეკომპანია ჩვენს პარტიასთან არ ითანამშრომლებს, მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს იმ პრობლემას, რაზეც ჩვენ მივუთითეთ. ასეთი მიდგომა დღეს სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებისთვისაა დამახასიათებელი, ხოლო რუსთავი 2-ის რეპუტაციას დიდ ზიანს აყენებს. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის მიერ შემოთავაზებული ლოგიკა ხელისუფლების ლოგიკის იდენტურია - ქართული ოცნება ოპოზიციას სდებს ხოლმე ბრალს ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობაში, როცა ჩვენ ივანიშვილის ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე ვაკრიტიკებთ.

გამოდის, რომ თუ რუსთავი 2 პოლიტიკურ სიმპატიებზე დაყრდნობით დაარღვევს ჟურნალისტურ სტანდარტებს და ამის გამო გააკრიტიკებენ, ტელეკომპანია კრიტიკის ავტორებთან თანამშრომლობას შეწყვეტს. ის, რომ ხელისუფლება რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად იბრძვის, არ ნიშნავს იმას, რომ ტელეკომპანიას შეუძლია ასე უხეშად დაარღვიოს ჟურნალისტური სტანდარტები და კრიტიკაზე მსგავსი რეაქცია ჰქონდეს. პრობლემაა ეთერში გაშვებული სიყალბე და შემდგომი რეაქციები, არა ჩვენს მიერ გამოთქმული კრიტიკა. მსხვილი მედიის ასეთი დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

ბრალდება, თითქოს ჩვენი კრიტიკა ხელისუფლებას შესაძლოა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში არგუმენტად გამოსდგომოდა, აბსურდულია. რუსთავი 2-ს სრული უფლება აქვს ჰქონდეს პოლიტიკური სიმპათიები და სწორედ სარედაქციო პოლიტიკის დასაცავად იმოქმედა სტრასბურგის სასამართლომ. იმ შემთხვევაშიც, როცა რუსთავი 2 ჟურნალისტურ სტანდარტებს არღვევს, მეპატრონეებისთვის მისი წართმევის უფლება არავის აქვს. ხელისუფლების მოტივაცია კი დღეს სატელევიზიო ბაზრის მთლიანად ხელში ჩაგდებაა.

სამწუხაროა, რომ დღეს ხელისუფლების გავლენის მიღმა დარჩენილი ერთადერთი მსხვილი ტელეკომპანია არ უფრთხილდება მაყურებლის ნდობას და კრიტიკას ასეთი სპეკულაციებით პასუხობს.