ევროპული საქართველოს განცხადება

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ზოგიერთი პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია ხშირად აცხადებს რომ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა შეუძლებელია. ეს მცდარი და საზიანო გზავნილია, რომელიც საშუალებას აძლევს ქართულ ოცნებას ძალაუფლების ფლობა გაიხანგრძლივოს. ხელისუფლების მიზანია, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება ნაკლები ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მივიდეს. ამ პოლიტიკური პარტიების პოზიცია მცდარის გარდა, უცნაურად არათანმიმდევრულიცაა - ისინი ერთი მხრივ საერთო კანდიდატის ძიებაში არიან, მეორე მხრივ კი არჩევნებში მონაწილეობის აზრს საერთოდ ვერ ხედავენ.

"ქართული ოცნება" წლებია არჩევნებში გასამარჯვებლად მრავალ არაკანონიერ მეთოდს იყენებს. ძალადობა, მუქარა, ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, ბიზნესის დაშინება - საარჩევნო პროცესის განუყოფელ ნაწილად იქცა.

მიუხედავად ამისა, მივიჩნევთ, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია და სწორედ ეს გზაა საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული განვითარების ინტერესი.

დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ხელისუფლების მუშაობით, გაზრდილი სიღარიბით, კორუფციით, კრიმინალითა და გადასახადებით უკმაყოფილოა. ამიტომ არჩევნებზე მოქალაქეების მაღალი აქტივობის შემთხვევაში ქართული ოცნების შეცვლა გარდაუვალია. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ვერც უკანონო მეთოდების გამოყენება გადაარჩენს.

ამიტომ ჩვენ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც სურს ხელისუფლების შეცვლა და დემოკრატიული განვითარებისთვის ბრძოლა, ვთავაზობთ შემოგვიერთდეს. ევროპული საქართველო გამარჯვებისთვის იბრძოლებს როგორც ვანი/ხონსა და ცაიშში დაგეგმილ არჩევნებში, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებზეც და მოვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, როცა ქართულ ოცნებას მოუწევს დატოვოს ხელისუფლება.