ევროპული საქართველოს განცხადება

ევროპული საქართველო ეხმაურება რუსთავი ორის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს მიერ გაგზავნილი კომუნიკაციის თაობაზე.

გვარამიას თქმით, ტელევიზიის მხრიდან “მიკერძოებისა და სიცრუის გავრცელების მაგალითად” მთავრობამ მოიყვანა - თავად ნიკა გვარამიას, აგრეთვე ევროპული საქართველოსა და სხვა განცხადებები.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ იუსტიციის სამინისტრო კვლავ იშველიებს მოსამართლე ურთმელიძის არგუმენტს, რომ ხელისუფლებას სინამდვილეში პრობლემა აქვს რუსთავი ორის სარედაქციო პოლიტიკასთან და სწორედ ამით ცდილობენ მესაკუთრის ცვლილების გამართლებას.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე სწორედ ასეთმა ღია შეტევამ გახადა თვალსაჩინო ივანიშვილის ხელისუფლების რეალური მიზანი, რის გამოც სტრასბურგმა შეაჩერა უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება.

რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას შესანიშნავად ესმის, რომ იუსტიციის სამინისტროს არგუმენტი არათუ აძლიერებს ხელისუფლების პოზიციას რუსთავი ორის წინააღმდეგ, არამედ პირიქით, მორიგ ჯერზე ადასტურებს მთავრობის რეალურ მოტივაციას.

მიუხედავად ამისა, რუსთავი ორის დირექტორი ამ შემთხვევასაც იყენებს ევროპულ საქართველოზე თავდასხმისთვის. მისივე ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ხელისუფლებამ გვარამიას განცხადებებიც მოიხმო თავისი პოზიციის გასამყარებელად, შესაბამისად, გამოდის, რომ გვარამია უწყობს ხელს მთავრობას რუსთავი ორის წინააღმდეგ დავაში, რაც, რა თქმა უნდა, აბსურდია.

ევროპული საქართველო კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს, რომ ხელისუფლების საქმე არ არის, თუ როგორი იქნება მისგან დამოუკიდებელი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა. ეს გახლავთ მთავარი სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სტრასბურგში მიმდინარე დავა სწორედ რუსთავი ორის გამარჯვებით დასრულდება.

თუმცა, ტელევიზიის გენერალური დირექტორის განცხადებები და მორიგ ჯერზე, პროდასავლურ ოპოზიციასთან ბრძოლაში სრულიად უადგილო ჩართვა, ნამდვილად აზიანებს ტელევიზიას, რაც სწორედ ხელისუფლების ინტერესია.