“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ცხინვალში  ჩატარებულ რეფერენდუმს ეხმაურება

“ევროპული საქართველოს” ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი დევნილია და ვერ იღებს მონაწილეობას ამ პროცესებში და როდესაც ყველაფერი მიმდინარეობს საოკუპაციო, შეიარაღებული ძალების ზეწოლით, ნებისმიერი რეფერენდუმი და არჩევნები უკანონოა და არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი ძალა არ გააჩნია.

“საფრთხე იმაშია, რომ ეს ყველაფერი არის საქართველოს ძირძველი კუთხის ანექსიის გაგრძელების მცდელობა რუსეთის მხრიდან. ეს ყველაფერი ემსახურება ცხინვალის რეგიონის შემდგომ წაღებას რუსეთის მიერ და სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავთ ადექვატურად აქტიურ, დიპლომატიურ პოლიტიკას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ის, რაც გაკეთდა იყო მორიგი განცხადებები ამ ფაქტთან დაკავშირებით, არადა ეს ფაქტი არის ისეთი ნაბიჯი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ბევრად უფრო აქტიურ პოლიტიკურ ქმედებებს. ამ ყველაფერს დღეს ვერ ვხედავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონგრესი რჩება საქართველოს სტრატეგიულ მხარდამჭერად და პარტნიორად. აშშ-ს და კონგრესის მხარდაჭერა და მსგავსი რეზოლუციები არის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო გარანტია ჩვენი უსაფრთხოების, მომავლის და ევროპული არჩევანის დაცვის, ამიტომ კონგრესის დოკუმენტი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთთან აუცილებელია დიალოგი, მაგრამ არა მუდმივი დათმობები და კიდევ ერთხელ გამოაჩინა ცხინვალის რეფერენდუმმა, რომ დათმობები რუსეთის პოლიტიკას ვერ ცვლის. რუსეთი აგრძელებს საქართველოს ანექსიას და გამოსავალი გახლავთ არა მუდმივ დათმობაში, არამედ ჩვენ პარტნიორებთან ერთად ძალიან პრინციპულ და მკაცრ დიალოგში,’’- განაცხადა დავით ბაქრაძემ.