“ევროპული საქართველოს” წევრებმა სერგო რატიანმა და მარიამ რამინაშვილმა საატესტატო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს

“ევროპული საქართველოს” წევრებმა სერგო რატიანმა და მარიამ რამინაშვილმა საატესტატო გამოცდების შედეგებზე ისაუბრეს, სადაც მოსწავლეთა 27%-მა მინიმალური ბარიერის დაძლევა ვერ შეძლო.

სერგო რატიანის განცხადებით, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ზოგადი განათლების სფეროში არსებული სისტემური პრობლემები. მარიამ რამინაშვილმა ბრიფინგზე ბოლო პერიოდის სტატისტიკაც წარმოადგინა, რომელიც ასევე აჩვენებს, რომ შედეგები ყოველწლიურად უარესდება. 2014 წელს ჩაჭრილთა რაოდენობა 13% შეადგენდა, 2015-ში - 14%, 2016-ში კი 24%-მდე ავიდა. ევროპული საქართველოს წევრები თვლიან, რომ სამინისტროს არ გააჩნია მიდგომა და შესაბამისი სტრატეგია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც საატესტატო გამოცდების შედეგის გამო განმეორებით უწევთ სასწავლო პროგრამის გავლა: ,,სამინისტროს არ გააჩნია მიდგომა და შესაბამისი სტრატეგია იმ მოსწაავლეებისათვის, რომლებსაც საატესტატო გამოცდების შედეგის გამო განმეორებით უწევთ  სასწავლო პროგრამის გავლა. გაჟღერებული ინიციატივები - იქნება ეს საატესტატო გამოცდების ბარიერის ზრდა თუ საერთოდ მისი გაუქმება, ვერ გამოდგება პრობლემის მოგვარების შესაძლებლობად. სიტუაციის გამოსწორებისთვის კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი - უპირველესად, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომელიც პრაქტიკულად საჭიროა და რეალურ შედეგებს მოგვცემს; დაფინანსების იმ მიმართულებით გაზრდა, რაც უშუალოდ აისახება საგანმანათლებლო პროცესზე; იმ პედაგოგების მოტივაციის ზრდა და ხელშეწყობა, რომელთაც რეალურად შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ხარისხის გაუმჯობესებაზე, ამასთანავე, აუცილებელია საშუალო საფეხურის ამოცანებისა და უმაღლესი განათლების მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა, რომელმაც სისტემა უნდა მიიყვანოს სკოლის გამოსაშვები გამოცდებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ინტეგრირებამდე.’’ - განაცხადა სერგო რატიანმა.