ევროპული საქართველოს წევრები საბჭოთა რეპრესიების მუზეუმის შექმნის ინიციატივით გამოდიან

ევროპული საქართველოს წევრები საბჭოთა რეპრესიების მუზეუმის შექმნის ინიციატივით გამოდიან.

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღეს, პარტია ევროპული საქართველოს - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრები თბილისში, ინგოროყვას 22-ში, მდებარე შენობაში საბჭოთა ოკუპაციისა და რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის მუზეუმის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ოკუპაციის დაწყებისთანავე ამ შენობაში საბჭოთა საგანგებო კომისია (ე.წ. ჩეკა) განთავსდა. პარტიის წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, მოცემული შენობა ერთადერთია საქართველოში, რომლის სარდაფშიც ჯერ კიდევ შემორჩენილია იმდროინდელი საკნები, რომელთა ნაწილში საქართველოს დამოუკიდებლობის იდეისთვის რეპრესირებული პატრიორების მიერ გაკეთებული წარწერების ამოკითხვაცაა შესაძლებელი. სხვადასხვა დოკუმენტებიდან ცნობილია, რომ სწორედ „ჩეკას“ საპატიმროდან დასახვრეტად მრავალი მამულიშვილი გაიყვანეს.

ამ შენობის სარდაფში განთავსებულ საკნებში სხვადასხვა დროს საბჭოთა ოკუპანტებს დატყვევებული ყავდათ ისეთი მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია, მიხეილ ჯავახიშვილი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, ნოე ხომერიკი, სპირიდონ კედია, ოფიცერი სოლომონ ანდრონიკაშვილი (რომელიც აქვე მოკლეს) და სხვები.

პარტიის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, შესაძლებელია საწყის ეტაპზე მოხდეს მხოლოდ სარდაფის და ყოფილი საკნების კონსერვაცია და მოწყობა. ევროპული საქართველოს წევრებმა ასევე გვირგვინებით შეამკეს რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თბილისის დაცვის ბრძოლაში დაღუპული ინკრებისა და სხვა მებრძოლების ხსოვნის მემორიალი კოჯორში.