ევროპული საქართველო ევროსასამართლოს კანდიდატებთან დაკავშირებით დიპლომატიურ სამსახურს მიმართავს

22 სექტემბერი, 2017წ. | საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიმდინარე წლის იანვარში უარყო საქართველოს მთავრობის მიერ გაგზავნილი მოსამართლეობის კანდიდატების სამკაციანი სია.

ამის შემდეგ, იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით, სამთავრობო კომისიამ ჩაატარა კანდიდატთა შერჩევის ახალი პროცესი. ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადეიმურ წრეებს, სახალხო დამცველსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებობს სრული კონსენსუსი რომ შერჩევის მეორე პროცესიც ჩატარდა არანაკლებ პოლიტიზებულად, უსამართლოდ და ევროსაბჭოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით.

ევროსაბჭოს ექსპერტთა პანელმა არაკვალიფიციურად მიიჩნია წარგზავნილი სამი კანდიდატიდან ორი. მესამედ გამოცხადებული კონკურსი კი იმდენად აშკარა დარღვევების ფონზე წარიმართა რომ კომისიიდან გამოვიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. მიუხედავად ამ საერთო კონსენსუსისა, საქართველოს მთავრობამ დაავალა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლებსა და ელჩებს რომ აქტიურად მოახდინონ უკანონო და პოლიტიკურად ანგაჟირებული სიის ლობიერბა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამისი კომიტეტის წევრებთან.

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის მოუწოდებს საქართველოს დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლებს შეძლებისდაგვარად არ შეასრულონ ჩვენი ქვეყნისთვის დიდი ზიანის მომტანი აღნიშნული პარტიული ამოცანებით გაჟღენთილი დავალება.