"ჩვენი ხმა საკმარისად არ ისმის" - ელენე ხოშტარიას სიტყვა ქალთა ყრილობაზე

"ჩემი ბრძოლა მერობისთვის მინდა იყოს იმის მაგალითი, რომ არ არსებობს კარი, რომელსაც ჩვენ ვერ შევაღებთ,"

- ამ სიტყვებით "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატმა პარტიის ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე შეკრებილ ქალებს მიმართა.

ელენე ხოშტარიამ ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც თანამედროვე საქართველოში ქალები დგანან. ასევე, ისაუბრა ოჯახში გახშირებულ ძალადობაზე ქალების მიმართ და სტერეოტიპების მსხვრევის აუცილებლობაზე.

ელენე ხოშტარიას სიტყვას სრულად გთავაზობთ:

"მეგობრებო, ბრძოლაში, რომელშიც ჩვენ ვართ ყველა სათითაოდ, სოფლებში, რეგიონებში, ქალაქებში და მთლიანად ქვეყანაში, ეს არ არის ჩვენი კარიერული ბრძოლა, ეს არ არის მხოლოდ პარტიული ბრძოლა, ეს არის ბრძოლა იდეისთვის, ეს არის ბრძოლა ცვლილებისთვის, რომელიც ასე სასიცოცხლოდ სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას და მე ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ ჩვენ, ქალები, ჩვენი სიმტკიცით, ჩვენი პრინციპულობით მშვიდობიანად მოვიტანთ ამ ქვეყანაში საჭირო ცვლილებებს.

მეგობრებო, ჩვენ ვართ ძალიან ბევრი. ჩვენს ქვეყანაში ქალები უმრავლესობა ვართ, მაგრამ მოდით, პირდაპირ ვთქვათ, დღეს ჩვენი ხმა საკმარისად არ ისმის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დღეს ჩვენი ხმა საკმარისად არ ისმის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამიტომ, დროა, რომ ავიღოთ ინიციატივა ჩვენს თავზე. ავიღოთ ინიციატივა და ყველა გამოწვევა შესაძლებლობად ვაქციოთ. ავიღოთ ინიციატივა და უპერსპექტივობა პერსპექტივად ვაქციოთ. ავიღოთ ინიციატივა და უიმედობა ვაქციოთ იმედად.

მეგობრებო, ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია შანსი, რომ მაღალ არჩევით თანამდებობებზე აგვერჩია ქალი და მე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ჩემი ბრძოლა მერობისთვის მინდა იყოს იმის მაგალითი, რომ არ არსებობს კარი, რომელსაც ჩვენ ვერ შევაღებთ. არ არსებობს სირთულე, რომელსაც ჩვენ ვერ გადავლახავთ. არ არსებობს საფრთხე, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით და არ არსებობს მწვერვალი, რომელსაც ვერ დავიპყრობთ.

მეგობრებო, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სტერეოტიპების მსხვრევის და ღიად ვთქვათ, დღეს ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ეს სტერეოტიპები. სტერეოტიპები, რომელიც გვიზღუდავს ჩვენს თავისუფალ ნებას. სტერეოტიპები, რომლებსაც თავს გვახვევენ, რომლებიც გვისაზღვრავს საზოგადოებაში ჩვენს ადგილს, გვეუბნება, რა გავაკეთოთ და რა არ გავაკეთოთ. მთავარი არის თავისუფალი ნება, რომელიც უნდა გვამოძრავებდეს ჩვენ. ამიტომ, მე, როგორც 4 შვილის დედა, პირდაპირ გეუბნებით, რომ სტერეოტიპია, რომ არ შეიძლება იყო მზრუნველი დედა და იყო საზოგადოებრივად აქტიური ქალი. პირიქით. დღეს ჩვენს შვილებს სჭირდება მომავალი, უსაფრთხო მომავალი, პერსპექტივა, თავისუფალი და თანასწორი საზოგადოება.

მეგობრებო, ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმ ადამიანების მიმართ, ვინც დღეს იჩაგრებიან ჩვენს საზოგადოებაში და დღეს ქალების მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა, ქუჩაში კრიმინალი არის საფრთხე, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ და ამასთან უნდა შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც არის ლმობიერი და თავად არ იქნება საფრთხე ადამიანებისთვის. სახელმწიფო, რომელიც დგას თავისუფლების სადარაჯოზე და არ ზღუდავს მას. და მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ყველა ერთად რწმენით ჩვენი ძალების, ერთგულებით ჩვენი იდეალების, აუცილებლად მივაღწევთ ამას".