ბოკერია: ვენეციის კომისიას კონსტიტუციის პროექტზე ნეგატიური დასკვნა ექნება

"დარწმუნებული ვარ, რომ ვენეციის კომისია კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით კრიტიკულ დასკვნას დადებს," - ამბობს "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია.

რუსთავი 2-თან საუბარში ბოკერია ამბობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სხვა პარტიების გადაწყვეტილება დემონსტრაციულად დაეტოვებინათ საკონსტიტუციო კომისია უმრავლესობას საშუალებას აძლევს თქვას, რომ მათი შეთავაზების მიუხედავად პარტიებმა კომისიაში მონაწილეობა არ მიიღეს.

"კომისიაში ყოფნასთან დაკავშირებით სკეპტიკური დამოკიდებულება თავიდანვე იყო, რადგანაც განზრახვა ამ პოლიტიკური გუნდის ნათელია და ის მმართველობაში ყოფნის გახანგრძლივებაა. კომისიაში დარჩენის ლოგიკა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ უნდა ამოვწუროთ ყველა შესაძლებლობა რაც გვაქვს, რომ ხელი შევუშალოთ მავნებლობის გაკეთებისგან და ვუბიძგოთ საზოგადოებრივი აზრით, საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით იქნებ რამე კარგი გაკეთდეს. ასეთი ოპტიმიზმის არანაირი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ ხელისუფლებისთვის იმ საბაბის მიცემას, რომ თქვან ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით, რომ არც კი დაელოდნენ საბოლოო დოკუმენტის დადებას, რაც მოხდება სამშაბათს, სულ რამდენიმე დღეში ჩვენ არ ვაპირებთ. ეს ქმედება ენმ-ისგან არის იმპულსური. ამავე წარმატებით შეგვეძლო გამოვსულიყავით ორი კვირის წინ, სამი კვირის წინ 10 დღის წინ 1 თვის წინ, ანუ არაფერი არ შეცვლილა და თუ ეს დოკუმენტი არ ასახავს ჩვენი ქვეყნის გამოწვევებს რა თქმა უნდა ჩვენ კენჭისყრაში არ მივიღებთ მონაწილეობას, დავტოვებთ კომისიას"

- ამბობს ბოკერია.

გიგა ბოკერიას თქმით, რომ არა საზოგადოების აქტიურობა მთავრობა მზად იყო კონსტიტუციიდან ამოეღო 94-ე მუხლის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ახალი გადასახადის შემოღებას ან არსებული გადასახადების განაკვეთის ზრდას (გარდა აქციზისა) რეფერენდუმი ესაჭიროება. თუმცა ბოკერიას შეფასებით, არც ეს შედეგი იძლევა ზეიმის საბაბს, რადგანაც მთავრობა

"მაინც ზრდის იმ გადასახადებს რისი უფლებაც აქვს, მაგალითად ამ უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაში მათ საწვავზე გაზარდეს აქციზის განაკვეთი."

საკონსტიტუციო კომისიაზე ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის დავის ერთ-ერთ მთავარ საგანს პრეზიდენტის უფლება-მოვალეობების განსაზღვრა და მისი არჩევის წესი წარმოადგენს. ოცნება მხარს უჭერს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც გაუქმდება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნები და ის საკრებულოებისგან დაკომპლექტებულ საარჩევნო კოლეგიაზე გადავა. ოცნება ასევე მხარს უჭერს სხვადასხვა მიმართულებით პრეზიდენტის უფლებების შემცირებას.